საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, წმინდაწყლის დასახლებაში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო
გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ახალი გზის მშენებლობა დაიწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი გვერდწითელის ქუჩას შეურთდება, რომელიც ერთმანეთთან ცხინვალის გზატკეცილსა და ნადირაძის ქუჩებს დააკავშირებს.
გზის ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, მოეწყობა ტროტუარები პანდუსებით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, გარეგანათება და საგზაო ნიშნები.
„ახალი გზის მოწყობის შემდეგ, ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება ცხინვალის გზატკეცილსა და ტყვიავის ქუჩაზე.
დღემდე, ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩებზე მოხვედრა, სადაც წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს გადაადგილება, მხოლოდ ტყვიავის ქუჩის გავლით იყო შესაძლებელი. ახალი გზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, ეს პრობლემა გადაიჭრება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ხორციელდება ცხინვალის გზატკეცილიდან ყიფიანის ქუჩამდე (247 მ.).
საპროექტო მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდება უკანონოდ განთავსებული დამხმარე, უსახური ნაგებობებისგანაც.
აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იგეგმება სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაც“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.