17.01.2020 14:03
გორის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი მსუბუქად დაშავდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ფხვენისის სიახლოვეს, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა მოცურდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მძღოლმა, 30 წლამდე ასაკის ქალმა და ავტომანქანაში მყოფმა ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომანქანაში მყოფი პირები გორში, კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, სამივე პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია. ,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პაციენტი შემოიყვანეს, დედა და მისი ორი შვილი - 10 და 1 წლის ბავშვები. სამივე პაციენტს ზედაპირული, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკა დატოვეს", - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ალექსანდრე ხეთაგურმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა. ითვალისწინებს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.