16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი განცხადებას ავრცელებს.
„გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს იმის დასტურად, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ფასეულობაა!
საქართველო კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულია ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსით და ტრადიციებით განსხვავებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილებით, ურთიერთპატივისცემითა და შემწყნარებლობით.
სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების საფუძველზე იქცა საქართველო ჩვენი მრავალეთნიკური მოსახლეობის სამშობლოდ, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას.
საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებით და დანერგილი მექანიზმებით უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.