„მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ - ბლოგების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ბლოგების კონკურსს აცხადებს. „მე, ჩემი პერსონალური მონაცემები და ფართოდ გახელილი თვალები“ - ეს გახლავთ საკონკურსო თემა, გამარჯვებულები 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
„თუ გიყვართ წერა და ხართ მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა ბევრი იცით თუ არა პერსონალურ მონაცემების ან ჩვენი სამსახურის შესახებ, დაინტერესების შემთხვევაში დეტალურ ინფორმაციას ჩვენს საიტზეც იპოვით. მთავარია, გესმოდეთ რომ თქვენი და სხვისი პირადი მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია. მათი ხელშეუხებლობა კი თქვენი უფლებაა. ამ უფლების დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენი და თქვენი თანატოლების ფსიქიკას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. ამიტომ, ყოველთვის და ყველგან, სკოლაში თუ სხვა სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ფართოდ გახელილი თვალებით უნდა აკვირდებოდეთ და ინტერესდებოდეთ, ვინ და რატომ, რა მიზნით გთხოვთ პერსონალურ ინფორმაციას და შემდეგ როგორ იცავს მათ.
თუ ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ ფიქრები ფურცელზე უნდა გადაიტანოთ და ის კონკურსის სათაურს შეუსაბამოთ“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზატორების თქმით, ნამუშევრები 27 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულ ნაშრომებს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს.