ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალიტების დეფიციტი გარკვეულწილად შეიქმნა წელს, თუმცა, ვფიქრობ, ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგიის გათვალისწინებით, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პრობლემა არ იქნება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
რეკომენდაციების მიხედვით, 2023 წლიდან, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება.
,,ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს 2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარებას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისი დოკუმენტის საბოლოო სახე მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი და შესაბამისად, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტების გარკვეული ნაკლებობის პრობლემა დადგა წელს და ხდება ვაკანსიების ინტენსიურად გამოცხადება, ვფიქრობ, შევსება მოხდება და აღნიშნულის განხორციელებაზე შეფერხებები არ შეგვექმნება“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2023 წლიდან, სკოლებში მონიტორინგი განხორციელდება, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება სპორტის გაკვეთილები და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი.