4 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ოფისის მოხალისეებს და მიიტანონ ძველი ქურთუკი, პალტო, კაშნე, ქუდი, ხელთათმანი ან ნებისმიერი თბილი სამოსი და დატოვონ ხეებზე. შემდეგ კი, მოქალაქეები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, ჩამოხსნიან და წაიღებენ სახლში.
რატომ ხეებს? - როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ერთი მხრივ, ეს გაადვილებს მათთვის საჭირო ტანსაცმლის მიღებას ვისაც ერიდება თხოვნა ან ხელიდან გამორთმევა, ხოლო მეორე მხრივ, იდეალური შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც გაცემა სურს ისე, რომ ადრესატმა არ იცოდეს მისი ვინაობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება, რომლის სახელწოდებაც „#ჩააცვიხეებს“ გახლავთ, გასულ წლებშიც განხორციელდა და თანდათან ტრადიციულ სახეს იღებს.