5-15 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზა გორელმა მოჭადრაკემ ანდრია ქრისტესიაშვილმა.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, ანდრიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე წარმატებული მოჭადრაკე მოიტოვა უკან და საბოლოოდ, 29-ე ადგილი ხვდა წილად. ქრისტესიაშვილისთვის ანტალიის ჩემპიონატი პირველი ევროპული ტურნირი იყო, მანამდე კი საქართველოში არაერთ ტურნირზე იასპარეზა და უმეტესად, გამარჯვებულის ან საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
ევროპულ ტურნირზე 10 წლის გორელმა მოჭადრაკემ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგმატება დააფიქსირა, +132 ქულა. ამჟამად, ქრისტესიაშვილს მისი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი ფიდეს (ფიდე - წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ატარებს ჭადრაკში საერთაშორისო ჩემპიონატებს) რეიტინგი აქვს - 1540.
ჭადრაკში წარმატების გარდა, მესამე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე სკოლაშიც ყველა საგანს კარგად სწავლობს, განსაკუთრებით კი, მათემატიკა უყვარს.
ანდრია 7 წლიდან თამაშობს ჭადრაკს, ძალზე ბევრს შრომობს და ოცნებობს, საერთაშორისო დიდოსტატი გახდეს. მისი მწვრთნელები დიტო და დავით მაღალაშვილები არიან, პატარა მოჭადრაკის თქმით, სწორედ მწვრთნელების უდიდესი შრომის შედეგია მისი წარმატება და მაღალი რეიტინგი.