1987 წლის 28 მაისს, საბჭოთა სასაზღვრო ჯარების დღეს, მოსკოვში, წითელ მოედანზე, მსუბუქძრავიანი თვითმფრინავით (Cessna-p172) უკანონოდ დაეშვა 18 წლის გერმანელი ახალგაზრდა მატიას რუსტი.
მოყვარულმა მფრინავმა რუსტმა, გერმანიის ქალაქ ვედელიდან აიღო სტარტი, 1000 კმ-ზე მეტი იფრინა და ოთხი სახელმწიფოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
დაკავებამდე, წითელ მოედანზე, რუსტმა ტურისტების წინ იპოზიორა.
დაკავებიდან რამდენიმე თვეში, საბჭოთა სასამართლომ ახალგაზრდა გერმანელს ბრალი სამი მუხლით წარუდგინა - ხულიგნობა, ავიაგადაფრენების წესების დარღვევა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა და მას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან საბჭოთა ციხეში ერთი წელიც არ მოუხდია - 1988 წლის აგვისტოს დასაწყისში ახალგაზრდა მოგზაურს ამნისტია შეეხო და ის საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. გერმანიაში დაბრუნებულ რუსტს არანაირი სასჯელი არ შეხებია, მხოლოდ ფრენა აეკრძალა.
მატიას რუსტის ავანტურის გამო, თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადააყენეს სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი სერგეი სოკოლოვი და არაერთი თანამდებობის პირი.
როგორც ცნობილია, მოგვიანებით, რუსტი, გერმანიაში, მაღაზიაში ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს, ამჟამად კი იგი პოკერის პროფესიონალი მოთამაშეა.