შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის მოცულობა გაიზრდება - საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი მსჯელობას იწყებს
საკანონმდებლო ორგანო „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 000 პირს, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100 ლარიდან 419 ლარამდე მერყეობს.
„სოციალური პაკეტის გაანგარიშების ახალი ფორმულა შემდეგი სახის იქნება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.