თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, გორში, მემორიალური დაფა გაიხსნა.
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის სახელობის მემორიალური დაფა მისმა შვილმა და შვილიშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები.
დაფის გახსნამდე, სტუმრებმა, პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღირსების ორდენისა და მედლის კავალერის აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები: დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელს 13 ნოემბერს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა.