17.01.2020 12:43
საქართველო 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
ფინეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო, 2020 წლის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს: „ეს გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება. ჰელსინკში გამართულ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სათანადოდ წარმოჩინდა და 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, საქართველოს ტურიზმის ინდისტრიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი - 9 357 964 საერთაშორისო მოგზაურის სტუმრობა დაფიქსირდა, წელს, კიდევ უკეთესი შედეგის მოლოდინში ვართ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დიდ ბრიტანეთშიც აღიარეს. ბრიტანეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ კვლევაში საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნების/რეგიონების ცნობილი დღესასწაულები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მიმართულებები შეისწავლეს. ჩვენ ქვეყანასთან ერთად კი, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებად ჰოლანდია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, ავსტრია და სხვა განვითარებული ქვეყნები დასახელდნენ.