აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ვადა გახანგრძლივდა, ფერმერები სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენებას დაანონსებული მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ნაცვლად, 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის მაისიდან მოქმედებს.
პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
თუ პროექტით ამ დრომდე არ გისარგებლიათ, აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე myliberty. Ge.
პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (032 2 55 55 00) მეშვეობითაც.