გორის მუნიციპალიტეტში, მეუღლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორი თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. ბრალდებულის მეუღლემ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კლინიკა უკვე დატოვა.
შემთხვევა სოფელ შინდისში მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის მერის წრმომადგენელი ალექსი მთვარაძე GMnews- თან საუბრისას აცხადებს, რომ რომ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, უკვე შინ იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისად კლინიკიდან გაწერეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული ა.რ-ს ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლისა და 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 37 წლის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. ასევე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.