საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნის მეორე მემორიალურ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში, გორი უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 2003-2005 წწ. დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ და 10 წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97, 125 კგ.) შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ტურნირის ორგანიზატორის - გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, აწონვები 12 ნოემბერს 17 სთ-დან ნუგზარ სხირელის სახელობის გორის დარბაზში ჩატარდება. საშეჯიბრო ნაწილს კი გორის სპორტის სასახლე 13 და 14 ნოემბერს უმასპინძლებს.
„13 ნოემბერს, პირველ საშეჯიბრო დღეს, 10 სთ-დან ყველა წონაში ჩატარდება პაექრობები საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ ბლოკამდე. 14 ნოემბერს, ფინალურ ბლოკში, რომელიც ასევე 10 სთ-დან დაიწყება, გაირკვევა ყველა წონაში გამარჯვებულის და პრიზიორის ვინაობა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები. მოპოვებული მედლების გათვალისწინებით, გამოვლინდება გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო და მეორე-მესამე ადგილის მფლობელი გუნდები. ტურნირზე დასწრება თავისუფალია, სპორტის გულშემატივრებს კარგი სანახაობა გელოდებათ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.