საზოგადოება
08.11.2022 13:44
ნიკო კეცხოველის პრემია 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

სკოლებისთვის ნიკო კეცხოველის პრემია 2023-ის  რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022-2023 წლის საკონკურსო თემა მდგრადი განვითარების სკოლაა.

„შენც შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი. შემოუერთდი კონკურსს დღესვე, იაქტიურე, მიიღე გამოცდილება და პრიზები. შეგახსენებთ, ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენის და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ სკოლებისთვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღების და გაზიარების, პიროვნული ზრდის და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესია“, - ნათქვამია ორგანიზაცია CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ კონკურსში. უნდა ითქვას, რომ 2017 წელს ნიკო კეცხოველის პრემიის გამარჯვებული გორის პირველი საჯარო სკოლა გახდა.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  ფინანსური მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის - ფარგლებში. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

კვირის ამბები