საზოგადოება
07.11.2022 16:11
გორელი პედაგოგი ნათია კურტანიძე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გახდა

ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნათია კურტანიძე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award 2022) გამარჯვებული გახდა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გორელი პედაგოგი მსოფლიოს 115-მდე ქვეყნიდან მონაწილე მასწავლებლებს შორის გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

ცნობისთვის, კონკურსი Global Teacher Award (GTA) ინდოეთში ტარდება, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული მასწავლებელი ხდება.

ნათია კურტანიძემ პედაგოგიური საქმიანობა 22 წლის ასაკში დაიწყო. 2018 წლის იანვარში  წამყვანი მასწავლებელი გახდა, იმავე წლის სექტემბერში კი   მენტორის სტატუსი მოიპოვა. 2015 წელს მიენიჭა კომპანია Microsoft-ის ინოვაციური ექსპერტ-მასწავლებლის, ხოლო მოგვიანებით - ამავე კომპანიის მასტერ-ტრენერის წოდება. 2019 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და საუკეთესო ათეულის წევრი გახდა.

კვირის ამბები