მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, მომზადდა წამლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც მთავრობას და პარლამენტს წარედგინება. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.
რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.
„რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს. სექტორთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.