დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს რეკომენდაციებით მიმართავს. ორგანიზაციის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, სკოლისა და საბავშვო ბაღის გარემოს სიჯანსაღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ამიტომ, ეპიდემიოლოგიურად საშიშ პერიოდში, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველდღიურად უნდა ლაგდებოდეს სველი წესით - სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით. თვეში ერთხელ კი, შენობა გენერალურად უნდა დასუფთავდეს არა მარტო სარეცხი საშუალებებით, არამედ, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებითაც.
იმნაძის თქმით, ამა თუ იმ ვირუსის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში მიღებული არ არის: „ამ დროისთვის, ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. იქ ასეთი რამ არ ხდება, ესაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია. მოგეხსენებათ, გრიპოზული სეზონი დეკემბერში იწყება და აპრილამდე გრძელდება. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, გამოდის, რომ ბავშვები პრაქტიკულად გაუნათლებლები დარჩებიან. ასე რომ, თუ მოსახლეობაში გავრცელებულ პანიკას არ ჩავთვლით, დამერწმუნეთ, რეალურად, სწავლის შეწყვეტის მეცნიერული საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.