საზოგადოება
04.11.2022 12:50
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ორგანიზაცია „ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ აცხადებს თანასწორ - განმანათლებელთა შესარჩევ კონკურსს პროექტში - ,,ახალგაზრდები მოხალისეთა უფლებებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად.

„პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები ტრენინგების საშუალებით გადამზადდებიან მოხალისეობრივი შესაძლებლობების და მოხალისეთა უფლებების შესახებ. წარმატებულ მონაწილეებს კი საშუალება ექნებათ გახდნენ თანასწორ - განმანათლებლები, რომლებიც ორგანიზაციის მიერ გადაცემული რესურსების გამოყენებით მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოხალისეთა უფლებების შესახებ.

პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან საუკეთესო მონაწილეები და თანასწორ - განმანათლებლები, რომლებიც შესაბამისი სერტიფიკატებით და სხვა სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია „ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ ავრცელებს.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 7 ნოემბრამდე უნდა შეავსონ მისამართზე: https: // forms. gle / qbo3 w3dVEn6pzij 1A

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
კვირის ამბები