USAID-ი შიდა ქართლის რეგიონში „ძლიერი სოფლის“ პროგრამას იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი მოსახლეობას შესაძლებლობა მისცემს საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ ყველა სექტორში, იპოვონ ახალი შესაძლებლობები და დაეხმარონ საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში.
პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით ერინ მაქიი, ცენტრალური მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა ოფიციალური პირები.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. შიდა ქართლის რეგიონს USAID-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი და მოსახლეობის ინტერესებზე გათვლილი პროექტი განხორციელებულა. აქამდე განხორციელებული პროექტები მოიცავდა როგორც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, ისე მეწარმეობის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას თქვენს მიმართ. ვიმედოვნებ, პროექტი რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა მზად ვართ პროექტის განხორცელების პროცესში აქტიურად ჩავერთოთ“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.