ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ხილის კრეფაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ნინო აბრამოვის ოჯახის წევრები მომხდარში სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადანაშუალებენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება სასწრაფო დახმარების ჯგუფის პერსონალის არაკვალიფიციურობამ გამოიწვია.
,,ნინო, ჩემი შვილი, ოჯახთან ერთად გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში ცხოვრობდა, რუისში დღიურ სამუშაოზე იყო დასაქმებული და ნაწრეტიდან ყოველდღიურად დადიოდა. მასთან ერთად მყოფი პირების გადმოცემით, როდესაც ბაღში მუშაობისას ცუდად გამხდარა, გამოუძახიათ სასწრაფო, სასწრაფოს გარდაცვლილად დაუფიქსირებია და აღარაფერი გაუკეთებია ჩემი შვილის გადასარჩენად. წაუფარებიათ ზეწარი და ასე იყო კარგა ხნის განმავლობაში, პროზექტურაში გადასვენებას ელოდებოდნენ, მაგრამ ჩვენ როცა ჩავედით, გოგოს ჯერ ისევ ესინჯებოდა პულსი და ჩვენ წამოვიყვანეთ გორში საავადმყოფოში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, სასწრაფოს რომ დროულად გადაეყვანა კლინიკაში, დარწმუნებული ვარ, გადარჩებოდა. ასთმა აწუხებდა, ადრეც ჰქონია პრობლემები, მაგრამ ექიმები ყოველთვის შველოდნენ, ახლაც გადარჩებოდა რომ გარკვეულიყვნენ მკვდარი იყო თუ ცოცხალი და დროულად გაეწიათ დახმარება და საავადმყოფოში გადაეყვანათ“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მამა გელა აბრამოვი.
31 წლის ნინო აბრამოვს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტი გარდაცვლილი იყო.