კონფლიქტები
04.11.2022 10:33
1-ელ ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მეჯვრისხევის სიახლოვეს დაკავებული სამი პირი თავისუფალია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სიახლოვეს, 1-ელ ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი და მასთან ერთად მყოფი ორი მოქალაქე თავისუფალია და სამივე მათგანი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სუს-ის ინფორმაციით, 3 ნოემბერს, გვიან საღამოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ უკანონოდ დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, შემდგომ კი მასთან ერთად დაკავებული ორი პირიც.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე.

კვირის ამბები