საზოგადოება
03.11.2022 15:19
გორის უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა.

ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიას მინისტრის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

მინისტრმა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი დაარსების დღიდან დაიწყებს თანამშრომლობას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რომელიც ციფრული ჰუმანიტარიის უმძლავრესი კერაა მსოფლიოში. მხარეებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით „ღია მეცნიერების ფორუმის“ ფარგლებში შესაბამისი მემორანდუმიც გაფორმდება, რომლის საფუძველზეც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ეს გახლავთ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
კვირის ამბები