გორში ძიუდოს ისტორიული ტურნირი ჩატარდება. მამაკაცთა და ქალთა ძიუდოს საკლუბო ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას გორის სპორტის სასახლე 26 ნოემბერს უმასპინძლებს.
ამ დროის მონაცენებით, გორში გასამართ ჩემპიონთა ლიგაზე 4 კონტინენტის და 16 ქვეყნის 137 სპორტსმენია რეგისტრირებული, მათგან 60 მამაკაცია, 77 კი - ქალი.
გორის სპორტის სასახლეში მისული გულშემატკივარი ძიუდოს ლეგენდებს იხილავს. მათ შორის, ტედი რინერს, დენის ვიერუს, დავლათ ბობონოვს, მანუელ ლომბარდოს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ამანდინ ბუშარს, დარია ბილოდიდს და სხვ.
ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოდან „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“ გამოვლენ. ასევე, იასპარეზებს სერბეთის „რედ სტარი“, გერმანიის „აისბერგი“, საბერძნეთის „არისი“, საფრანეთის „ფლამ-91“.
ცნობისთვის, 2021 წელს ძიუდოისტთა ჩემპიონთა ლიგა პარიზში ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა ორმა ქართულმა კლუბმა – „გოლდენ გორმა“ და „მებრძოლმა“ მიიღო. ქართული კლუბები ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შეხვდნენ, სადაც გამარჯვება გორელებმა იზეიმეს – 3:2.