საზოგადოება
03.11.2022 12:26
ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 35 467 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 35 467 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონას აღემატება, მოსავლის 70% შიდა ქართლის რეგიონში მოდის.

„გადამმუშავებელი კომპანიების მიერ მიღებულია 35 467 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც ფერმერებმა 8,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.
კვირის ამბები