საზოგადოება
03.11.2022 12:14
სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განაცხადებს 19 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს.


„გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.
საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, განაცხადის გაკეთება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები, ასევე, მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
კვირის ამბები