საზოგადოება
02.11.2022 15:54
იგეგმება ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის გადაყვანა ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგორ გეორგიანის განცხადებით, იგეგმება დაშავებული მოზარდის გადაყვანა ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი იქნა ორი პაციენტი, ქალბატონი 35 წლის, მოზარდი 8 წლის, რომელთა მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ჩატარებულია ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. იგეგმება მოზარდის გადაყვანა ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „გორის მაცნეს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კვირის ამბები