კულტურა
02.11.2022 12:09
ლენტეხის სალოტბარო სკოლის 17 წარმომადგენელი 3 დღით გორს ესტუმრება - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გაცვლითი პროექტი

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ლენტეხის სალოტბარო სკოლის 17 წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტს 4, 5 და 6 ნოემბერს ესტუმრება, დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - ამის შესახებ GMnews-ს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განუცხადეს.

ცენტრის ინფორმაციით, გაცვლითი პროექტები უკვე განვახორციელდა წალენჯიხის, სამტრედიის და ოზურგეთის სალოტბარო სკოლებს შორის.

,,ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი სალოტბარო სკოლების ბავშვების სტუმრობა ერთმანეთთან. ეცნობიან განსხვავებულ ტრადიციებს, ყოფა-ცხოვრებას, კულტურულ მემკვიდრეობას, იძენენ დამატებით უნარ-ჩვევებს, მათთვის ტარდება მასტერკლასები, შეხვედრები. ცენტრი ცდილობს, ბავშვები ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად. კულტურული გაცვლითი პროექტები უკვე განვახორციელეთ წალენჯიხის, სამტრედიის და ოზურგეთის სალოტბარო სკოლებს შორის, რასაც ძალზე სასარგებლო, საინტერესო შემოქმედებითი გაგრძელება მოჰყვა.

ამჯერად, ლენტეხის სალოტბარო სკოლას უმასპინძლებს გორის სალოტბარო სკოლა. ლენტეხის სალოტბარო სკოლის 17 წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტს 4, 5 და 6 ნოემბერს ესტუმრება, ლენტეხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები გორის სალოტბარო სკოლის ბავშვებთან ოჯახებში გადანაწილდებიან“, - აცხადებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

გორის მუნიციპალიტეტში სტუმრობის პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ხელოვნების სახლის, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის მონახულება; სტუმრობა სოფელ ნიქოზში, ნიქოზის სამრევლო სკოლის მოსწავლეების შემოქმედების გაცნობა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიასთან სტუმრობა; გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მინანქრისა და თიხის ოსტატების სახელოსნოებში სტუმრობა; ატენის სიონის და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, ქართლური ხალხური სიმღერის მასტერკლასი ნაკრძალის საკონფერენციო დარბაზში და ერთობლივი სვანურ-ქართლური ღონისძიება ნაკრძალში არსებულ თამარის დარბაზში.

კვირის ამბები