საზოგადოება
02.11.2022 11:09
იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო, თუმცა, დაშავებულთა და დაღუპულთა ოდენობა თითქმის არ შემცირებულა.

„არსებული სტატისტიკა გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და ავარიების რაოდენობის შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს.

„ნულოვანი ხედვა“, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა გაიზიარეს და მის მისაღწევად პროაქტიულად მოქმედებენ, საქართველოშიც უდევს საფუძვლად საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, თუმცა, როდესაც სტატისტიკას ვაანალიზებთ, ისმის კითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი გზებზე? რა ადამიანურ, თუ ფინანსურ რესურსს ვაინვესტირებთ ავტოავარიაში რომ არ დაგვეღუპონ ჩვენი მოქალაქეები? რატომ არ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების საკანონმდებლო ინიციატივაზე, ავტომობილში უკანა ღვედების გამოყენების კანონზე, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შემოღებაზე, ქულათა სისტემის ადმინისტრირების ხარისხის ამაღლებაზე, ტრანსპორტი ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ხარვეზების გამოსწორებაზე?“ - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. 

კვირის ამბები