გორის მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების გათბობის საკითხთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება და სააღმზრდელო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, 15 ნოემბრიდან აღდგება.
„ახალი რეგულაციების მიხედვით, სკოლამდელი აზრდის დაწესებულებებიდან განხორციელდა საქვაბე დანადგარების დემონტაჟი და მათი გარე სივრცეებში გატანა.
აღნიშნულმა ტექნიკურმა სამუშაოებმა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე ბაღში ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. კერძოდ, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება გორის I, IV, V, VI, X, XIII, XV, XVII, შავშვების I, ვარიანის I ბაღებს.
ამ ეტაპზე, ტექნიკურ სამუშაოებს გაზის მომწოდებელი კომპანია ახორციელებს, ამიტომ, ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, 15 ნოემბრიდან აღდგება.
აღნიშნულ ბაღებს გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, რითაც ცენტრალური გათბობის სისტემის მოწესრიგებამდე ისარგებლებენ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.