ნიქოზის ხელოვნების სკოლა ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია „ალმა“-ს ერთ-ერთი ნომინანტია
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე -„ალმა“ ნომინანტთა სია ცნობილია. წელს საქართველოდან საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე, ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე და ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაა წარდგენილი.
„შვედი საბავშვო მწერლის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად საქართველოდან სამი მონაწილე იბრძოლებს, თუმცა, ლინდგრენის პრიზის მოპოვება არც ისე იოლი ამოცანაა. ჯილდოს მისაღებად 64 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მწერალთა სახლი ავრცელებს.
ცნობისთვის, საბავშვო ლიტერატურაში ასტრიდ ლინდგრენის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. მისი მიღების შემდეგ ხელოვანებს საშუალება ეძლევათ, მათი შემოქმედება უცხო ენებზე ითარგმნოს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს.
პრემია „ალმა“ 2002 წლიდან არსებობს და ჯერ არცერთ ქართველ მწერალს არ მიუღია.
ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის პრემიერა ,,ალმა” ყოველწლიური პრემიაა, რომელიც საბავშვო მწერალს, ილუსტრატორს ან ორგანიზაციებსა და მთხრობელებს საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის გაწეული წვლილისთვის გადაეცემა.