29 ოქტომბერს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული ,,იაკობობა“ გაიმართა.
მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს, დღესასწაული გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.
სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, გაიმართა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
სახალხო დღესასწაულამდე ორი დღით ადრე კი, მწერლის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი უფასოდ მასპინძლობდა სტუმრებს.
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა. ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.