სამართალი
29.10.2022 11:35
გორის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე)  ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი  გამოიტანა და ბავშვზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. 12 წლის ბიჭის ინტერესებს სასამართლოში სწორედ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტები იცავდნენ.

ბავშვის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე გამოძიება 2021 წელს დაიწყო. წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და არასრულწლოვანზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ბრალდებული ალექსი მარიამიძე სხვადასხვა წლებში გორის მერის მოადგილის, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთოერთობის სამსახურის უფროსის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებდა.

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვების მიმართ ღირსების შემლახავ არაადამიანურ მოპყრობას.

„გიორგიმ თანატოლთან ერთად მეზობლის ხილი უნებართვოდ მოკრიფა, რის გამოც ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა. ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე ბავშვის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი - წამებისგან დაცვა)", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

დაზარალებული არასრულწლოვნის დედის განცხადებით, ბევრი ბრძოლა დასჭირდა, რომ პირის მიმართ, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გავიარეთ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბოლოს უკვე მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი იყო ეს განაჩენი. დიდი მადლობა იურისტს, ანა თავხელიძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა და სასამართლოს და მოსამართლეს მადლობა ამ განაჩენისთვის. ბედნიერი დღე გვაქვს“, - ამის შესახებ გორში დაზარალებული არასრულწლოვნის დედამ განაცხადა.

PHR-ის განცხადებით, სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და განმარტა, რომ ამგვარი მოპყრობა ბავშვის  მიმართ ღირსების შემლახველია. შესაბამისად, პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კვირის ამბები