კულტურა
15.01.2020 15:40
ქართულ ხორბალს შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების სტატუსი მიენიჭოს
ქართული ხორბლის კულტურას, შესაძლოა, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების სტატუსი მიენიჭოს. ენდემური ქართული ჯიშების დაცვის მიზნით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ხორბლის მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის პროექტს და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ცნობისთვის, მსოფლიოში გავრცელებულ ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი - ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური და შავფხა - ენდემურია. ქართული ხორბლის კულტურას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია გასულ წელს განესაზღვრა და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, პურის ქართული ჯიშების გადასარჩენად გარკვეული ღონისძიებები მიმდინარე წელსაც იგეგმება.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად, აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV ათასწლეულით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორბლის კულტურის უძველესი კერის არსებობას ადასტურებს.
კვირის ამბები