საზოგადოება
27.10.2022 11:37
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება - რა ტარიფები დაწესდება კონკრეტულ სერვისებზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. კანონპროექტი გულისხმობს 2023 წლიდან ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასურის ზრდას.

 კერძოდ, ცვლილების თანახმად:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.

 

 

კვირის ამბები