სახელოვანი ძიუდოისტის, ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს გორი მასპინძლობს
გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი დღეს - 27 ოქტომბერს, ძიუდოს ტურნირს მასპინძლობს.
ძიუდოში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონის, ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2006-2008 წწ. დაბადებული ჭაბუკი ძიუდოისტები.
შეჯიბრის ორგანიზატორის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სპორტსმენები 9 წონით კატეგორიაში (45, 50, 55, 60, 66, 73, 81, 90, +90 კგ) შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი პირად და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, სამგზის მეორე და მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში, სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში - ასეთია სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის, ანზორ ქიბროწაშვილის სპორტული მონაპოვარი.