1970-იანი წლებიდან დაწესდა სახალხო დღესასწაული ,,იაკობობა", რომელიც, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ოქტომბრის თვეში იმართებოდა", - წერს
იაკობ გოგებაშვილთან და მის მუზეუმთან დაკავშირებით გორის არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, სადაო გამხდარა იაკობის სამწერლო მაგიდა, რომელიც გორის აღმასკომს ჰქონდა შეძენილი.
,,გორის მაცნე" უცვლელად გთავაზობთ ქეთევან მაჭარაშვილის წერილს.
,,იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მისი ქონება გადაეცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
მაგიდა, სადაც „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „რუსკოე სლოვო“ და ყველა ჩვენი საყვარელი მოთხრობა იწერებოდა, თურმე სადაო გამხდარა.
გორის არქივში დაცული 1927 წლის დოკუმენტის თანახმად, მისი სამწერლო მაგიდა შეუძენია გორის აღმასკომის სტატბიუროს, რის შესახებაც საქართველოს მუშაკთა პროფკავშირის ც/გამგეობა წერდა: ,,როგორც ჩვენამდე მოსულ ცნობებიდან სჩანს, თქვენ შეგიძენიათ იაკობ გოგებაშვილის სამწერლო მაგიდა, განათლების მუშაკთა პროფკავშირს ეს მაგიდა ესაჭიროება მუზეუმისათვის და ამის გამო გთხოვთ გადმოგვცეთ ჩვენ, თუ მაგიდის უფასოდ დათმობა შეუძლებელი იქნება, გთხოვთ გვაცნობოთ თუ რა ფასად შეგიძლიათ გადმოგვცეთ“ .
დაცულია ასევე სტატისტიკის განყოფილების გამგის საპასუხო ხელნაწერი: „პასუხად თქვენი მოწერილობისა იაკობ გოგებაშვილის სამწერლო მაგიდის გადმოცემის შესახებ გაცნობებთ, რომ თანახმად სამაზრო აღმასკომის დასტურისა, თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება მისი სანაცვლო მაგიდის შეძენით. სანაცვლოდ შეძენილი მაგიდა უნდა იყვეს სამწერლო-უჯრებით“.
იაკობ გოგებაშვილის სახლში 1955 წლამდე მოთავსებული იყო ვარიანის საშუალო სკოლა, იაკობ გოგებაშვილის სახლ -მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა გორის რაიაღმასკომის 1955 წლის 2 ივლისის დადგენილებით - „იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის საცხოვრებელი ბინის, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონის, დანგრევისაგან გადარჩენის და ამასთან ქართველი კლასიკოსი პედაგოგის სახელის უკვდავყოფის მიზნით“
მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის, ინვენტარის და ექსპონატების მოძიების, საშუალო სკოლის და მუზეუმის ეზოში გოგებაშვილის მონუმენტების დადგმის სამუშაოები დასრულდა 1958 წლის ოქტომბერში.
1970-იანი წლებიდან დაწესდა სახალხო დღესასწაული ,,იაკობობა", რომელიც, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ოქტომბრის თვეში იმართებოდა", - წერს გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მაჭარაშვილი.