სახალხო დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 27 ოქტომბრის ნაცვლად, 29 ოქტომბერს გაიმართება. „იაკობობა 2022“-ს, ტრადიციულად, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მშობლიური სოფელი უმასპინძლებს.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ნათია ადუაშვილის თქმით, გორის მერია იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლის აღსანიშნავად, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. რაც შეეხება თარიღის ცვლილების მიზეზს, 27 ოქტომბერი სამუშაო/სასწავლო დღეა და, შესაბამისად, ბევრი ვიზიტორი ვერ შეძლებს სტუმრობას.
„დაგეგმილი ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურცენტრის ჩართულობით იმართება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. წარმოდგენილი იქნება ფაცხები საშემოდგომო ნობათით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დედაენის თემატიკაზე კუთხეებს მოაწყობენ. ჩვენი მუზეუმის მხრიდან განსახორციელებელ აქტივობებზე კი გეტყვით, რომ უშუალოდ მწერლის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი, ტრადიციულად, უფასოდ უმასპინძლებს სტუმრებს. იაკობ გოგებაშვილის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს მეუფე ანდრია (გვაზავა) გადაიხდის “, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას ნათია ადუაშვილმა.
ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს გორის რაიონის სოფელ ვარიანში დაიბადა. ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.