საზოგადოება
25.10.2022 15:19
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ფასადების მოსამზადებელ-საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები არაერთ ლოკაციაზე დასრულდა

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, გორში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოსამზადებელი - საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები არაერთ ლოკაციაზე დასრულდა, პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურებისა და ქვეითთა გადაადგილებისთვის მოწყობილი ტროტუარების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, რომელიც სკვერებში და პარკებში განახლებული და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ ახალი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის.

შეგახსენებთ, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენდა, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერები მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა (გორში, ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში) და შესაბამისად, შეირჩა ის კომპანიები, რომლებიც მეორე ეტაპზე გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებენ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით პროგრამა 2021 წლის მაისში ამოქმედდა და 4 წელზეა გათვლილი.

კვირის ამბები