საქართველოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.
გიორგი ბახტურიძის თქმით, კვლევების მიხედვით, დღეს თამბაქოს მოსახლეობის 27 % მოიხმარს, მათი მიზანი კი, 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებლის 5 %-მდე შემცირებაა.
„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით.
ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის, თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალ ინიციატივებს წარადგენენ, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული გახდება ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაიხადოს, კაზინოებსა და სლოტ კლუბებში კი თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.