2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) ხორცით მომარაგდება. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ამიერიდან, სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება.
ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს, ირაკლი ღარიბაშვილი გორის სამხედრო ბაზაზე პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, დაწყებულია თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, რაც, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობების უმაღლეს დონეზე შესრულებას გულისხმობს.