გორში ყველაზე სტაჟიანი ექიმი, მედიცინის დოქტორი, გორის საპატიო მოქალაქე, თერაპევტი ავთანდილ კეჩხუაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავთანდილ კეჩხუაშვილის საექიმო ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია, იგი 14 სამეცნიერო შრომის ავტორი გახლავთ, კეჩხუაშვილი 1997 წელს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
თერაპევტად მუშაობის 60 წლიანი სტაჟის მქონე ექიმი 1983 წლიდან, 39 წლის განმავლობაში, გორის საავადმყოფოს - რომელიც თავდაპირველად ქალაქის საავადმყოფოს სახელით ფუნქციონირებდა, შემდეგ - ს/ს ,,გორმედის“ სახით, ამჟამად კი, შპს ,,გორმედის“ თერაპიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, წლების წინ, ტყვიავის საავადმყოფოს პოლიკლინიკასა და სტაციონარში თერაპევტადაც მუშაობდა, 6 წლის განმავლობაში, გორის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმად, 1 წელი, გორის რაიონის საავადმყოფოში მუშაობდა. ჩამოთვლილის გარდა, კეჩხუაშვილი გორში იმჟამად მოქმედი ბამბეულის კომბინატის ამბულატორიასა და სტაციონარშიც მუშაობდა და საწარმოს თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, შემდეგ კი, ქალაქის საავადმყოფოს გახსნისას, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში თერაპევტად დაიწყო მუშაობა, პარალელურად, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეც გახლდათ სამკურნალო ნაწილში. 6 წლის განმავლობაში, კეჩხუაშვილი შეთავსებით მუშაობდა ლაბორატორიის გამგედ (ნახევარ განაკვეთზე).
ამასთანავე, მუშაობდა კარდიოლოგად, ქალაქის მთავარ თერაპევტად (ვიდრე ეს სტატუსი მოქმედებდა სამედიცინო სფეროში), რეგიონის მთავარ დიაბეტოლოგად.
7 წლის განმავლობაში, შეთავსებით, ბოშურის ამბულატორიასაც ხელმძღვანელობდა.
ავთანდილ კეჩხუაშვილის ავტორობით ორი წიგნი გამოიცა. ერთი მათგანი ექიმისთვის დასმულ 1000 კითხვას და შესაბამის პასუხებს მოიცავს, მეორე კი - წლების განმავლობაში მისი თუ მისი კოლეგების მიერ დაშვებულ შეცდომებს, ამ შეცდომების მიზეზებს და თავიდან აცილების გზებს. ეს წიგნი იმ ჩანაწერებს ეყრდნობა, რასაც ავთანდილ კეჩხუაშვილი პრაქტიკული მუშაობისას, წლების განმავლობაში აწარმოებდა, ამასობაში კი, ექიმის ჩანაწერებით 15 სქელტანიანი რვეული გაივსო...
,,გორის მაცნე“ მწუხარებას გამოთქვამს ავთანდილ კეჩხუაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და მეგობრებს.