გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, წელს, პირველად, საქართველო ქალაქ ერ-რიადში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
საქართველოს სტენდზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 10 ქართული კომპანიის - შპს „nuts. ge“, კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, შპს „ჯორჯიას ნეიჩერალს“, შპს „როიალ ბერი“, შპს „წყალი მარგებელი“, შპს „დომეინ სვანიძე“, შპს „ჰერბია“, შპს „ხონის პლანტაციები“, შპს „კულა“, შპს „აგროქიზიყი“ პროდუქციას იყო წარმოდგენილი, კერძოდ, ქართული კაკალი, თხილი, თაფლი, მოცვი, ჟოლო, ტყემალი, საწებელი, წყალი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი, სუნელი, ცხვრის ხორცი და ზეითუნის ზეთი.
„გამოფენა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მეწარმეებისთვის, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, გააფართოონ ბიზნესი და ხელი შეუწყონ აგროსასურსათო სექტორის განვითარებას. სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება და მხარდაჭერა, ქართველი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა და ხელს უწყობს როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მასშტაბურ გამოფენაზე გორიდან კომპანია ,,კულა" მონაწილეობდა.
საუდის არაბეთის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წელს 40-მდე ქვეყანა და 400-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 25 000-ს აღწევს.