საზოგადოება
15.01.2020 12:25
ახალგაზრდებზე და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ - მიხეილ ჩხენკელი

„ახალგაზრდებზე და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, რადგანაც, სწორედ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ახლადგახსნილ სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ სწორედ ამერიკელი ხალხის დახმარებით ხდება საქართველოში სკოლების მშენებლობა და ეს სკოლა არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი ქვეყნის და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და თავდაცვის დეპარტამენტს, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, აშშ-ის საელჩოს იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ ყოველდღიურად და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ღონისძიება მშვენიერი დაგვირგვინებაა ამ თანამშრომლობისა. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლაში იღებენ განათლებას, დიდ წარმატებებს მიაღწევენ, ჩვენი სამინისტრო კი, მათ ყველა ინიციატივას გვერდში დაუდგება, რომ აკადემიური პროცესი კიდევ უფრო განვითარდეს სკოლაში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დღეს გაიხსნა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა - 2 მილიონი აშშ დოლარი, აშშ-ის მთავრობამ გამოყო. სკოლა ყველა თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აღნიშნულ სკოლაში, დღეიდან, განათლებას ქვეშში მცხოვრები 248 მოსწავლე მიიღებს.  

კვირის ამბები