საზოგადოება
20.10.2022 11:58
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე: https: //directors. mes. gov. ge

„სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ. 2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კვირის ამბები