სპორტი
20.10.2022 11:24
გორელი მოჭიდავეები გიორგი გეგელაშვილი და თემურ ბერუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი სპორტსმენები გიორგი გეგელაშვილი (57 კგ.) და თემურ ბერუაშვილი (74 კგ.) ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 23 წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ.

შეჯიბრებაში გეგელაშვილი 21 ოქტომბერს, ბერუაშვილი კი 22 ოქტომბერს ჩაებმება.

აღსანიშნავია, რომ თემურ ბერუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორია. შარშან, მან, ბელგრადში (სერბეთი) გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდელებს შორის კვარცხლბეკზე დადგომა შეძლო.

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კი, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, წელს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა გიორგი გეგელაშვილი. მას შანსი აქვს წელს ამ ასაკობრივ კატეგორიაში მეორე მედალიც აიღოს. გარდა ამისა, იგი ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი 2 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალი აქვს. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მან ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე აიღო.

ორივე მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. გიორგი გეგელაშვილის მწვრთნელები მერაბ მუზაშვილი და შალვა მუზაშვილია, თემურ ბერუაშვილისა კი - დავით პოღოსიანი და ოთარ ტლაშაძე.

კვირის ამბები