საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. აღნიშნული სკოლა, ქვეშში, ოთხი ათეული წლის წინ აშენდა, 2017 წელს კი, შენობა მწყობრიდან გამოვიდა და ჭერი ჩამოინგრა, შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეჩერდა. საჯარო სკოლის 240-ზე მეტი მოსწავლე, განათლებას, ორი წლის განმავლობაში, სოფელ გარჯვრის სკოლაში იღებდა.
გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია თავის თავზე აიღო აშშ-ის მთავრობამ და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი გამოყო.
,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ვმონაწილეობ ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიაში, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღევანდელი დღე არის ახალი ეტაპი ამ არაჩვეულებრივი ბავშვების და მათი ოჯახებისთვის. კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე სკოლა დაეხმარება მოსწავლეებს, მიიღონ უკეთესი განათლება და წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში. ჩვენ, ასევე იმედი გვაქვს, რომ სკოლა გააძლიერებს ქვეშის თემს და დაეხმარება ქვეშის მოსახლეობას, რომ გადალახონ ის გამოწვევები, რაც უკავშირდება ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ცხოვრებას“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ქვეში საჯარო სკოლის გახნის ცერემონიაზე.
რეაბილიტირებული სკოლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპისი ანდრია, მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ სწორედ ამერიკელი ხალხის დახმარებით ხდება საქართველოში სკოლების მშენებლობა და ეს სკოლა არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი ქვეყნის და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და თავდაცვის დეპარტამენტს, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, აშშ-ის საელჩოს იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ ყოველდღიურად და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ღონისძიება მშვენიერი დაგვირგვინებაა ამ თანამშრომლობისა. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლაში იღებენ განათლებას, დიდ წარმატებებს მიაღწევენ, ჩვენი სამინისტრო კი, მათ ყველა ინიციატივას გვერდში დაუდგება, რომ აკადემიური პროცესი კიდევ უფრო განვითარდეს სკოლაში“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
,,მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, რომ ასეთი კარგი საჩუქარი გაგვიკეთეს. კიდევ გავმეორდები, რომ ყველა პროექტი მნიშვნელოვნია ამ სოფელში, რადგან მომავალი თაობისთვის კარგი განათლების მიღება ნამდვილად საჭიროა, ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი სწორედ ამ თაობაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები თავის სიტყვას იტყვიან ქართულ რეალობაში, მათ ამის წინაპირობა უკვე აქვთ თანამედროვე სტანდარტების სკოლის სახით", აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
„გილოცავთ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში სწავლის დაწყებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება განათლებაზე ზრუნვაა. განათლება არის ის ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებისთვის არის აუცილებელი. სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს მომავალი თაობის სრულყოფილ განათლებას. ამ ყველაფრისთვის კი, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და ზოგადად, ყველა ადამიანს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში იყო ჩართული. ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს ხდება. ჩვენმა მოძმეებმა უნდა დაინახონ, როგორ ვითარდება ქვეყანა. ვფიქრობ, ეს არის ის გზა და ის ინსტრუმენტი, რომელიც საუკეთესო იარაღია ჩვენი დროებითი საოკუპაციო ხაზის მორღვევისთვის“ - აღნიშნული განცხადება, შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, დღეს, ქვეშის საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
ქვეშის ახლადრეაბილიტირებულ სკოლას, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მღვდელმთავარმა ანდრიამ, სიმბოლურად, იაკობ გოგებაშვილის დედაენის ახალი გამოცემა უსახსოვრა.
ქვეშის საჯარო სკოლა ყველა თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ სკოლაში განათლებას ქვეშში მცხოვრები 248 მოსწავლე მიიღებს.