საზოგადოება
19.10.2022 11:16
მინდა, პატიება ვთხოვო, რაღაცნაირად, ყველას მაგივრად - ერთი წლის წინ, გორში მოკლული ტომას კენედის ხსოვნას დავით დარბაიძემ სიმღერა მიუძღვნა

ერთი წლის წინ, ამ დროს, ვიღაც არაადამიანებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ინგლისის მოქალაქე, შესანიშნავი მხატვარი და ფოტოგრაფი ტომას კენედი.

მინდოდა, მაშინ, მისთვის სიმღერა მიმეძღვნა,მაშინ ეს ვერაფრით მოხერხდა და, აი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჩავწერე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გორელი მუსიკოსი დავით დარბაიძე წერს.

დარბაიძე კლიპსაც აქვეყნებს, რომელიც ტომას კენედის ხსოვნისადმი მიძღვნილ სიმღერაზე გადაიღეს.

,,გორში, ერთი წლის წინ, ამ დროს, ვიღაც არაადამიანებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ინგლისის მოქალაქე, შესანიშნავი მხატვარი და ფოტოგრაფი - ტომას კენედი. რომელიც ძარცვის შემდეგ, სასტიკად ცემეს და მდინარე მტკვარში გადააგდეს.

ჩემმა მეგობრებმა იციან, მინდოდა, მაშინ, მისთვის სიმღერა მიმეძღვნა, რომელზეც შესაბამისი, პატარა კლიპიც მომზადდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთელი რიგი ხელის შემშლელი ფაქტორების გამო, მაშინ ეს ვერაფრით მოხერხდა....

თუმცა, მინდოდა, ჩემი პირობა შემესრულებინა მისი სულის წინაშე და აი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჩავწერე ერთი, არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც აწგარდაცვლილმა, ბრწყინვალე მომღერალმა - თემურ წიკლაურმა შეასრულა თავის დროზე, ,,ფიროსმანის არია" - ასე ეწოდება ამ არაჩვეულებრივ სიმღერას და რომელიც შეუდარებლად გამოხატავს ხელოვანი კაცის შინაგან ბუნებასა და მისწრაფებებს, ტომასიც ხომ ხელოვანი იყო.... პატარა კლიპიც შევქმენი და ვფიქრობ, გამოვიდა...

მინდა, ამ მიძღვნით, პატიება ვთხოვო, რაღაცნაირად, ყველას მაგივრად...

იყოს აქ, მისი ხსოვნის პატივსაცემად“, - აღნიშნავს დავით დარბაიძე.

შეგახსენებთ, მოკლულის ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელთან გასული წლის 7 ოქტომბერს გამორიყა. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორში, 7 ოქტომბერს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს 5 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია.

მიმდინარე წლის 20 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულთაგან, ერთს 21, ორს - 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

https://www.youtube.com/watch?v=FWQVJZR1Sk8

კვირის ამბები