საზოგადოება
18.10.2022 16:55
1-ელი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება
1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით(DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.

„DRG მექანიზმი ნიშნავს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსებას. ეს არის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი, რომლითაც გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო კონკრეტული სერვისისთვის გადაუხდის სერვისის მიმწოდებელს. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე პაციენტებს უწევდათ დამატებითი ხარჯების გაწევა, შეიძლება ეს ხარჯი გაზრდილიყო ექიმის ჰონორარის ხარჯზე. DRG მექანიზმით დაფინანსება უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანაგადახდა კონკრეტული სერვისისთვის იყოს ერთი და თანაბარ პირობებში ჩადგეს როგორც პაციენტი, ასევე ნებისმიერი კლინიკა. DRG დაფინანსების მექანიზმი პრინციპულად განსხვავდება ტარიფიკაციის მექანიზმისგან“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ადამიამ.
კვირის ამბები