რჩევები
18.10.2022 15:17
ქაცვი - კენკრა, რომელსაც ვიტამინების საბადოს და ყველა დაავადების მკურნალს უწოდებენ

ოქროს კენკრა, ვიტამინების საბადო, ყველა დაავადების მკურნალი - სწორედ ამგვარად მოიხსენებენ კენკრის ამ სახეობას. სასარგებლოა როგორც ქაცვის ნაყოფი, ასევე ფოთლები, კურკა თუ ქერქი. 

ქაცვის აღების სეზონი ოქტომბერი გახლავთ, მცენარის ნაყოფი სიმწიფეს სწორედ ამ პერიოდში აღწევს.

კენკრა ძალზე მდიდარია ვიტამინებით: A, B1, B2, C, E, K, P; ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავით, კაროტინოიდებით, ბეტაინით, ქოლინით, კუმარინებით, გლუკოზით, ფრუქტოზითა და ფოსფოლიპიდებით, შეიცავს მაკროელემენტებსა და მიკროელემენტებსაც.

ნაყოფსაც, ფოთლებსაც და ქერქსაც, მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ქსოვილოვან ცვლას, ახასიათებს ანტიოქსიდანტური ქმედება (აბრკოლებს ქსოვილების დაჟანგვას, ანუ  დაბერებას).

ტოტების ქერქი შეიცავს სეროტონინის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე აფერხებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ მცენარის ფოთლებში დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი ასკორბინის, ოლეანოლისა და ურსოლის მჟავები.

ქაცვის ნაყოფს მიირთმევენ უმად, აყენებენ წვენს, ხარშავენ მურაბას, კისელს, ასევე ამზადებენ ზეთს, რომელიც არაერთი დაავადების წამალია, მას არც უკუჩვენება აქვს და არც გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებაც.

,,გორის მაცნე“ ხალხურ რეცეპტებსაც გაგიზიარებთ:

გახეხილი (ან დაბლენდერებული) ქაცვი საწურში გაატარეთ, კურკები და კანი გააცალეთ და დარჩენილ მასას იმავე რაოდენობის შაქარი დაამატეთ. შეინახეთ მაცივარში. ნარჩენებს ნუ გადაყრით, მისგანაც შეიძლება სარგებლის ნახვა. საქმე ისაა, რომ ქაცვის კურკები დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს, ეს ზეთი კი, სამედიცინო თუ კოსმეტიკური თვალსაზრისით, სასარგებლო თვისებების ნამდვილი ელექსირია. ქაცვის ნარჩენებს დაასხით ზეითუნის ან სხვა რომელიმე სასარგებლო ზეთი და დააყენეთ გრილ ადგილას 3-4 კვირის განმავლობაში. ზეთი თანდათან ქარვისფერს მიიღებს და ქაცვის მთელი სიკეთე მასში გადაინაცვლებს. 
კიდევ ერთი რეცეპტი: მინის ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი კენკრა, დაამატეთ ამავე რაოდენობის ნატურალური თაფლი და შეინახეთ კარადაში. რამდენიმე დღეში,  უებარი იმუნოსტიმულატორი მზადაა, რეკომენდებულია, მიიღოთ უზმოზე 1-2 ჩ.კ.
კვირის ამბები